We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

თბილისი აპროტესტებს რუსეთის მიერ ე.წ აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებას

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რომლითაც აპროტესტებს რუსეთის მთავრობის 21 მარტის დადგენილებას საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე არსებული არალეგიტიმური სასაზღვრო-გამშვები პუნქტისთვის “განთიადი-ადლერი“ საერთაშორისო სტატუსის მინიჭების მცდელობის თაობაზე. 


“საგარეო საქმეთა სამინისტრო ამგვარ ქმედებას აფასებს, როგორც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების, კერძოდ კი აღებული საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპის დარღვევად“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.


საგარეო უწყების ინფორმაციით, თბილისმა რამდენჯერმე შესთავაზა მოსკოვს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთების გადაკვეთის დროებითი რეჟიმის განმსაზღვრელი წესის განხილვა, თუმცა რუსეთის მხარემ თავი შეიკავა.


ქართული მხარის მიერ გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ დღეისათვის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე კანონიერ საფუძველზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი “ყაზბეგი-ზემო ლარსი“  1993 წლის 8 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

Back to top button