ახალი ამბები

მოსკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია ვერ მოხერხდა

მოსკოვში ქართული ღვინის მწარმოებლებმა ვერ შეძლეს ქართული ღვინის დეგუსტაციის მოწყობა. რუსეთის დედაქალაქში საქართველოს დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაემგზავრა. 


ღვინის მწარმოებელი კომპანია GWS –ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის ლევან კობერიძის განცხადებით, რომელიც მოსკოვში იმყოფება, დეგუსტაციის მოწყობა რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ მიღებული ინსტრუქციების გამო ვერ მოხერხდა.


რუსეთის სანიტარული სამსახურის რეკომენდაციით საქართველოდან და მოლდოვადან ღვინის იმპორტი რუსეთში 27 მარტიდან შეწყდა. ამ გადაწყვეტილების მოტივად ღვინის ხარისხის სტრანდარტებთან შეუსაბამობა დასახელდა.


“გამომდინარე იმ ნორმატიული აქტებიდან, რაც დღეისათვის აქვს მიღებული რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს, სწორედ ამის გამო დეგუსტაციის ჩატარება გახდა შეუძლებელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ 13 აპრილს.

Back to top button