
ქართველი მინისტრები ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ნატოს შტაბბინაში შეხვედრებს მართავენ.
დღეს მინისტრები შეხვედრას გამართავენ ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან და შემდეგ ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შესახებ შეხედულებებს გაუზიარებენ, იტყობინება ნატოს პრეს-სამსახური.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე, სადაც საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის შეფასების ანგარიშს განიხილავენ, ქართველმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ კონსტრუქციულად არიან განწყობილები, რადგან გეგმით გათვალისწინებული რეფორმები საქართველომ განახორციელა.
“თუ იქნება ხელოვნური მიზეზები წამოყენებული, ჩვენ ამას ჩავთვლით, რომ გარკვეული ქვეყნები შეიძლება მხარს არ უჭერდნენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრიუსელში ირაკლი ოქრუაშვილმა.