
ოფიციალური დუშანბე არ ადასტურებს ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე ჩანაცვლების სურვილს
ტაჯიკეთის ხელისუფლება არ აპირებს ჩაანაცვლოს ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე და ამ მიზნით სამთავრობო დონეზე არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, იუწყება 13 აპრილს “რია ნოვოსტი“ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლის იგორ სატაროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
“რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ქართული ღვინის ჩანაცვლების სურვილი ტაჯიკეთის მეღვინეობის სამმართველოს, კორპორაცია “ხუროკვორი“–ს ხელმძღვანელმა პირმახმად დოსტიევმა გამოთქვა.
“ეს საკითხი უნდა დაიხუროს, რადგანაც ტაჯიკეთის მხრიდან სამთავრობო დონეზე არ გაკეთებულა განცხადება“, – აცხადებს სატაროვი.
ტაჯიკეთის მიმართ პროტესტი საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გამოხატა და დსთ–ს ყველა წევრ სახელმწიფოს რუსეთთან შექმნილი ღვინის პრობლემის გამო სოლიდარობისაკენ მოუწოდა.
“მე მესმის, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს საკუთარი ინტერესების განხორციელება უზრუნველყოს, მაგრამ როგორც მინიმუმ, არაკორექტულია სხვისი ინტერესების ხარჯზე ამის გაკეთება“, – განაცხადა 11 აპრილს ტაჯიკეთის მისამართით ბურჯანაძემ.