ახალი ამბები

ქართველი მინისტრები მიესალმებიან ნატოს შტაბბინაში გამართულ მოლაპარაკებებს

ქართველმა მინისტრებმა 13 აპრილს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ საქართველოს “სწორ გზაზე დგას“, რომელიც ქვეყანას წლის ბოლომდე ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმამდე მიიყვანს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის განხორციელების შესახებ შეხედულებები გაუზიარეს.


“განხილვამ უჩვენა, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რეფორმებით დაგეგმილ ყველა ამოცანას ვასრულებთ… იმედი გვაქვს, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმამდე 2006 წლის ბოლომდე მივალთ, პლუს-მინუს რამდენიმე თვე“, – განუცხადა გიორგი ბარამიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში.


მოლაპარაკებების დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია იმედიანად არის ქვეყნის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.


“თუ შეიქმნება ხელოვნული მიზეზები ან პრეტენზიები [ნატოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დროს] ჩვენ ამას მივიღებთ, როგორც გარკვეული ქვეყნების უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


ამავე დროს, რადიო “თავისუფლება“ იტყობინება ნატოს უცნობ წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ “მოკავშირეთა უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მხარს უჭერს საქართველოსთან ახლო თანამშრომლობას“.


მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს სამიტი, რომელიც რიგაში ნოემბერში გაიმართება, შესაძლოა ქვაკუთხედი გახდეს საქართველოს სწრაფვაში წევრობის სამოქმედო გეგმისკენ.


 

Back to top button