ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი ახალ ენერგოკომპანიასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე პასუხობს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმ ვარაუდებთან დაკავშირებით, რომ მან, ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ და ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა კონსტიტუცია დაარღვიეს, როდესაც ახლად შექმნილი გაზისა და ნავთობის კორპორაციის საბჭოს წევრები გახდნენ.


ახალი კორპორაცია სამი სახელმწიფო ენერგოკომპანიის – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციისა და “საქნავთობის“ – გაერთიანების შედეგად შეიქმნა.


“არ მაინტერესებს ასეთ საკითხებზე კომენტარის გაკეთება. თქვეს და თქვეს. არ მაინტერესებს ეს საკითხი. მე ვარ ამ გაერთიანებული ენერგოკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მე მგონი, ყველა დარწმუნებული ხართ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს, ისევე როგორც სხვა რამეს ეფექტურად ვუხელმძღვანელებ“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


გაზეთი “რეზონანსი“ 10 აპრილს წერდა, რომ ეკონომიკის მინისტრის განკარგულება და გადაწყვეტილება საკუთარი თავის, პრემიერ-მინისტრის და ენერგეტიკის მინისტრის ახალი კორპორაციის საბჭოს წევრებად დანიშვნის თაობაზე შესაძლოა საქართველოს კონსტიტუციასთანაც მოვიდეს წინააღმდეგობაში, რომლის თანახმადაც მთავრობის წევრს არ აქვს უფლება სხვა თანამდებობა ეკავოს, გარდა პოლიტიკური პარტიის წევრობისა და არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს კომერციულ საქმიანობაში. 


ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე დაგმო ეს გადაწყვეტილება, მას კონსტიტუციის დარღვევა უწოდა და პრემიერ-მინისტრის და დანარჩენი ორი მინისტრის გადადგომა მოითხოვა.


 

Back to top button