
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასთან დიალოგზე მზადყოფნა გამოთქვა
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის გამო ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებიან, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მზადყოფნა გამოთქვა კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს ოპოზიციასთან.
ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა მზადაა საარჩევნო სისტემის დახვეწისა და ბიზნეს–კლიმატის გაუმჯობესების საკითხებზე ესაუბროს ოპოზიციას, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ ოპოზიციის რომელი მოთხოვნის გაზიარებას აპირებს.
ოპოზიციამ თავის მემორანდუმში, რომელიც პარლამენტი თავმჯდომარესა და პრეზიდენტს 10 აპრილს გაუგზავნა, სამი მოთხოვნა დააყენა: საარჩევნო კანონში ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კომისიების პარიტეტულ საწყისებზე ფორმირებას და სიების სრულყოფას ეხება; მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნები და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა და სამინიტროს რეორგანიზაცია.
“უნდა ვიმუშაოთ იმ მექანიზმების დასახვეწად, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დამცავი მექანიზმები ეჭვს არ იწვევდეს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მოთხოვნები, რომელიც მრეწველების მხრიდან გახმოვანდა: დაიხვეწოს საგადასახადო კოდექსი, საბაჟო კოდექსი, გაუმჯობესდეს ბიზნეს–კლიმატი საქართველოში. ყველა ამ საკითხთან და დემოკრატიული პროცესების გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ და თავადაც აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძე.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების შემთხვევაში აპირებს მათთვის დამატებითი “ახალი მექანიზმების“ შეთავაზებას, სადაც კონსულტაციები ყველა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.
“მე მაქვს დამატებითი წინადადებები იმისათვის, თუ რა მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს პარლამენტში დამატებით იმისათვის, რომ თანამშრომლობა ოპოზიციასა და უმრავლეობას შორის უფრო კონსტრუქციულ ჭრილში გადავიდეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 11 აპრილს.