
ქართული და რუსული მხარეები სამხედრო ბაზების გაყვანის ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის დეტალურ გრაფიკზე ქართულმა და რუსულმა მხარეებმა მუშაობა 10 აპრილს დაიწყეს. ამ მიზნით თბილისში რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილის ვალერი ევნევიჩის ხელმძღვანელობით ათკაციანი დელეგაცია იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისიდან რკინიგზის საშუალებით დაიწყება რუსული სამხედრო ბაზების მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების საქართველოდან გაყვანის პროცესი.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის მამუკა კუდავას განცხადებით, 15 მაისიდან ყოველი კვირის განმავლობაში ერთი ეშელონი სარკინიგზო ვაგონი დაიტვირთება. 15 აგვისტომდე კი ახალქალაქის სამხედრო ბაზა მთლიანად დაიცლება შეიარაღებისა და ტექნიკისაგან.
“ამაში შედის 700-ზე მეტი ერთეული, როგორც ტანკი და ჯავშანმანქანა, ასევე საარტილერიო სისტემები და სხვადასხვა მძიმე თუ მსუბუქი შეიარაღება. მთელი ეს შეიარაღება ახალქალაქიდან წალკის და აზერბაიჯანის გავლით, რკინიგზის საშუალებით რუსეთის ტერიტორიაზე გავა“, – იუწყება თავდაცვის სამინისტრო მამუკა კუდავას სიტყვებზე დაყრდნობით.
31 მარტს სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის ბაზების გასვლის შესახებ, სადაც დეტალურად არის გაწერილი ბაზების გაყვანის გეგმა. პროცესი 2008 წელს უნდა დასრულდეს.