
მეწარმეები ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის ინიციატივით გამოდიან
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის რუსულ მხარესთან ერთად მოხდეს კონტროლი ქართული ღვინის ხარისხზე და მოხდეს ერთობლივი შემოწმება.
მისი თქმით, ხარისხიანი და უხარისხო ღვინოების დიფერენცირება უნდა მოხდეს.
“ამ მიმართულებით წერილობით უკვე მივმართე პრიმაკოვს [რუსეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტს], ასევე სხვა უწყებებს, რათა შევძლოთ ერთობლივად [ღვინის ხარისხის]გაკონტროლება“, – განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა 6 აპრილს პრესკონფერენციაზე.
“თბილღვინოს“, “თელიანი ველის“ და GWS -ის წარმომადგენლების განცხადებით, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ პრესკონფერენციას, ჯერ-ჯერობით მათ ფინანსურ ზარალი არ განუცდიათ, “თუმცა იზარალა ქართული ღვინის იმიჯმა“.
რუსულ მხარესთან არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით 12-13 აპრილს მოსკოვში იგეგმება ქართული ღვინის მწარმოებლების რუს პარტნიორებთან შეხვედრა, ასევე ქართული ღვინის დღეების მოწყობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრება.
“ეს იქნება ფართომასშტაბიანი შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან, ინვესტორებთან, დისტრიბუტორებთან და გავიგებთ რუსული მხარის მოსაზრებას, ბოლოს კი მოხდება ქართული ღვინის დეგუსტაცია“, – განაცხადა GWS-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა ლევან კობერიძემ.
11-12 მაისს კი თბილისში საუკეთესო ქართული ღვინის გამოსავლენად ჩატარდება საერთაშორისო დონის კონკურსი, სადაც ჟიურის წევრებს შორის რუსი ექსპერტიც იქნება წარმოდგენილი.