ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს ღვინის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდებს

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე  საქართველოში რუსეთის ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდა და საქართველოში წარმოებული ღვინისა და ღვინომასალების რუსეთში შეტანაზე აკრძალვის საკითხი განიხილა.


საგარეო უწყების ცნობით, რუს დიპლომატს განემარტა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად ინარჩუნებს კორექტულობას და ცდილობს თავი შეიკავოს ხმამაღალი განცხადებებისგან, “თუმცა, იმ შეთხვევაში, თუ რუსეთის მხარე უარს იტყვის შეხვედრების გამართვასა და საკითხის კონსტრუქციულ ჭრილში გადაჭრაზე, ამას მოჰყვება ფართო რეზონანსი საქართველოს მხრიდან“.


საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული მხარის არაერთი მცდელობისა, ჯერ–ჯერობით ვერ მოხერხდა ამ საკითხზე რუსეთის მხარესთან დიალოგის გამართვა. “უფრო მეტიც, კონსულტაციების ნაცვლად, ა.წ. 5 აპრილს რუსულმა მხარემ მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ანალოგიური აკრძალვები ვრცელდება საქართველოდან იმპორტირებულ კონიაკსა და შუშხუნა ღვინოებზე“, – ნათქვამია საგარეო უწყების 6 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.


სამინიტროს პრესსამსახური რუსეთის ელჩზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ, რომლის წერილის საფუძველზეც შეწყდა 27 მარტიდან ქართული ღვინოების იმპორტი რუსეთში, უახლოეს დღეებში ქართულ მხარესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

Back to top button