
პრემიერ-მინისტრი რუსეთის ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 5 აპრილს საქართველოში რუსეთის ელჩთან ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან შეხვედრისას გაკვირვება გამოხატა რუსული მხარის გადაწყვეტილებიის გამო, რომლის შედეგად, აიკრძალა არა მხოლოდ ქართული ღვინის შეტანა რუსეთის ფედერაციაში, არამედ, ხორციელდება სარეალიზაციო ქსელიდან შესაბამისი პროდუქციის ამოღებაც.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზიანი მიადგა ასევე რუსულ სადისტრიბუციო კომპანიებსაც, რომლებიც ქართული ღვინის რეალიზაციით იყვნენ დაკავებული.
ნოღაიდელის თქმით, უნდა აღიკვეთოს თავად რუსეთის ტერიტორიაზე გაურკვეველი წარმომავლობის და შემადგენლობის ღვინოს ჩამოსხმა და შემდეგ “ქართული ღვინის” სამარკო ნიშნით რეალიზება.
პრემიერ-მინისტრმა განუცხადა ელჩს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მზადაა რუსული მხარის თანხმობისთანავე გაემგზავროს მოსკოვში და თავის კოლეგებთან ადგილზე გაარკვიოს საქმის ვითარება.
უახლოეს დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში ქართული ღვინის გამოფენა მოეწყობა, რომელზეც დასწრებას თავად პრემიერ-მინისტრი გეგმავს.