
საგარეო უწყება ციხის ინციდენტზე ეუთოს შეფასებებზე კომენტარს აკეთებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის კარელ დე გუხტის 31 მარტის განცხადებაზე, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარი “ძალადობრივი ინციდენტის“ გამო და მოქმედი თავმჯდომარე საქმის დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“ინციდენტი ნამდვილად არასასიამოვნო იყო, მით უფრო, რომ მას მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით, ხოლო საზოგადოებისათვის ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მთელი პროცესი იყო გამჭვირვალე“, – ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში 3 აპრილს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ასევე თბილისში აკრედიტირებული უცხოური საელჩოებისა და მისიათა წარმომადგენლებს.
“სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილი მიწვევის მიუხედავად, 28 მარტს გამართულ ბრიფინგს არ დასწრებია საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენელი, რომელსაც ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისათვის უნდა მიეწოდებინა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ისაუბრა ბატონმა კარელ დე გუჰტმა აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაციის გაურკვევლობის შესახებ“, – აცხადებს საგარეო უწყება.