Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისმა და მოსკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ბაზებზე, სამხედრო ტრანზიტზე

დღეს სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებებს “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ” და “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ” .


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა კუდავამ, რუსეთის მხრიდან კი სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსეი მასლოვმა.

რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელიც ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებისა და ასევე სხვა სამხედრო ობიექტების საქართველოდან 2008 წლის ბოლომდე გაყვანის ტექნიკურ დეტალებს არეგულირებს, ეფუძნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მხარეებმა 2005 წლის მაისში შეათანხმეს.

სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება რუსეთს საშუალებას აძლევს საქართველოს გავლით დაუკავშირდეს გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას სომხეთში.


რუსული წყაროების ცნობით, ხუთწლიანი ხელშეკრულება ავალდებულებს რუსეთს არ გადასცეს საქართველოს ტერიტორიის გავლით გაყვანილი ტექნიკა და შეიარაღება მესამე ქვეყანას. ტრანზიტული სამხედრო ტვირთის რაოდენობა რუსეთსა და საქართველოს შორის წინასწარ იქნება შეთანხმებული წელიწადში ერთხელ.

რუსეთი ასევე იღებს ვალდებულებას არ მოახდინოს ბიოლოგიური, ბირთვული და ქიმიური ნივთიერებების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის და მისი კომპონენტების ტრანსპორტირება. 

შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტზე უარი განაცხადოს, თუ სამხედრო ტვირთის მოძრაობა საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას და თუ სამხედრო ტვირთის დანიშნულების ადგილი კონფლიქტის ზონებში ან ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებშია.   

მსგავსი/Related

Back to top button