
ღვინის მწარმოებელთა კავშირი რუსული მხარის სანქციებს არ ეთანხმება
ღვინის მწარმოებელთა კავშირი აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს 25 მარტის წერილის საფუძველზე, რომელიც რუსეთის საბაჟო სამსახურს გაეგზავნა, 27 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან და მოლდავადან შესულ ღვინოსა და ღვინომასალაზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნების გაცემა შეჩერდა.
“სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ონიშჩენკოს წერილში ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც დადგენილ სანიტარულ –ეპიდემიოლოგიურ წესებთან და უსაფრთხოების ნორმებთან ქართული პროდუქციის შეუსაბამობას ადასტურებს, გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რეალურად არ ისახავს მიზნად მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ იძენს პოლიტიკურ ელფერს“, – ნათქვამია ღვინის მწარმოებელთა კავშირის მიერ 29 მარტს გავრცელებულ პრეს–რელიზში.
ღვინის მწარმოებელთა კავშირი, რომელიც 10 წამყვან ქართულ კომპანიას აერთიანებს, გამოთქვამს მზადყოფნას პროდუქციის ხარისხის იდენტიფიცირებისათვის ითანამშრომლოს რუსულ მხარესთან და იმედოვნებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის პრობლემა უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.