ახალი ამბები

ოქრუაშვილი ციხეში ბუნტის “პროფესიულად“ ჩახშობაზე საუბრობს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა 27 მარტს გამთენიისას მე–5 საპყრობილეში განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ “საქართველოს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას შესწევს ძალა, რომ ასეთი გამოხტომები იქნას აღკვეთილი“.


“პოლიციაც და იუსტიციის სამინისტროს დანაყოფებიც და ჩვენი ჯარისკაცებიც ადევნებდნენ ამას ყაზარმებიდან თვალს, მოიქცნენ საკმაოდ პროფესიულად და გაცილებით დიდი მასშტაბების შეიძლებოდა ყოფილიყო ის დანაკარგი, მხედველობაში მაქვს დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანების რაოდენობა, ვიდრე ეს რეალურად იყო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

ოფიციალური ინფორმაციით, მე–5 საპყრობილეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა და 22 დაიჭრა. დაშავდა ასევე ორი პოლიციელი.


ოქრუაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება გადაურჩა საკმაოდ დიდ კატასტროფას, “როდესაც აღკვეთილი იქნა 6 ათასამდე მსჯავრდებულის თუ მსჯავრდაუდებლის მცდელობა გამოქცეულიყვნენ საპატიმრო დაწესებულებებიდან“.


თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მე–5 საპყრობილეში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად საკმაოდ დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული თავდაცვის სამინისტროს ორი ყაზარმა. 

Back to top button