
ნოღაიდელი ეუთოს სამხრეთ ოსეთის შესახებ სიტყვით მიმართავს
27 მარტს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ქართველი და ოსი სამართალდამცავების მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ერთობლივი გაკონტროლებისკენ მოუწოდა და გამოთქვა მზადყოფნა სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან შეხვედრის თაობაზე, იტყობინება ეუთოს პრეს-სამსახური.
იგი მიესალმა ეუთოს ჩართვას იმ ინიციატივებში, რომლებიც საქართველოში გაყინული კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად.
“მუქარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აღარ არის მხოლოდ მუქარა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ… მუქარა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის წინააღმდეგ წარმოადგენს მუქარას ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.
“სწორედ ამიტომ, საჭიროა მათი მოგვარება თანამშრომლობის და კოორდინაციის გზით. საქართველო მზად არის იმუშავოს რუს კოლეგებთან ამ საკითხების მოსაგვარებლად“, – განაცხადა მან.
ნოღაიდელის თქმით, ერთობლივი პოლიციის შექმნა “მიგვიყვანს კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებამდე“.
იგი ასევე მიესალმა ეუთოს წინადადებას კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთით, გუფთის საგუშაგოს გახსნის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეუთომ დააფიქსირა გარკვეული დარღვევები, მათ შორის მძიმე ტექნიკის გადაადგილება.
“ყველაზე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეუთოს დამკვირვებლებს რეგულარულად არ უშვებენ სამშვიდობოები კრიტიკულ ადგილებში ინსპექტირებისთვის, რითიც ხელს უწყობენ დარღვევების აღურიცხაობას. ამგვარი ქმედებები მშვიდობის წინააღმდეგ უნდა შეჩერდეს – და ეუთოს უნდა მიეცეს საშუალება გააკონტროლოს მოვლენები და გააუმჯობესოს უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მოუთმენლად ელის ეუთოს ეგიდით მაისში დაგეგმილ დონორთა კონფერენციას სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.
“სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები კვლავ სიღარიბის უკიდურეს პირობებში ცხოვრობენ, რომელსაც თან სდევს ყოველდღიური შიშის ატმოსფერო. ეუთოს შეფასებით, ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, როცა უნდა დავაკმაყოფილოთ რეგიონის კრიტიკული ინფრასტრუქტურის და სოციალური რეაბილიტაციის მოთხოვნები“, – დასძინა ნოღაიდელმა.