ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები“ ბაჩო ახალაიას გადაყენებას მოითხოვენ

დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი მემარჯვენეების ლიდერემა დავით გამყრელიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას “დაუყოვნებლივ“ გადადგომა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.


გამყრელიძე პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მიმართავს საპარლამენტო ჯგუფის შექმნის წინადადებით, რომელიც 27 მარტს გამთენიისას მე–5 საპყრობილეში პატიმრებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარ შეტაკებას შეისწავლის და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წინასწარ ინფორმაციას უკვე 28 მარტს წარადგენს.


“ასევე საჭიროდ მიგვაჩნია სასწრაფოდ ჩატარდეს ბაჩო ახალაის ნარკოლოგიური ექსპერტიზა სიმთვრალეზე, რადგან არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ იგი მთვრალ მდგომარეობაში უძღვებოდა და ატარებდა ამ ოპერაციას“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.


ახალი მემრჯვენეების ლიდერი ასევე მოითხოვს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს დაღუპულთა და დაჭრილთა გვარები, “რადგან სრული დაბნეულობაა პატიმართა ახლობლებში“.


გამყრელიძის შეფასებით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთი დადატურებაა იმისა, რომ “სიკვდილის სახელისუფლებო ბრიგადები განაგრძობენ მოქმედებას და ყველაფრის ამის უკან ვანო მერაბიშვილი და ძმები ახალაიები დგანან“.


“ხელისუფლების ვერსია დაგემილი ბუნტისა და გაქცევის შესახებ დაკმაოდ უსუსურად გამოიყურება, თუმცა კიდევაც რომ ვირწმუნოთ ეს ვერსია, ეს კიდევ უფრო ამძიმებს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას პირად პასუხისმგებლობას. იმის ნაცვლად, რომ მათ პრევენცია მოეხდინათ ბუნტისა, მათ პირიქით, თავის ქმედებით ბუნტი გამოიწვიეს და შემდგომ პატიმრები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩახოცეს“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.


ოფიციალური ინფორმაციით, მე-5 საპყრობილეში ადგილი ჰქონდა ბუნტს და წინასწარ დაგეგმილ გაქცევის მცდელობას, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა აღკვეთა. შედეგად რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა და დაიჭრა.

Back to top button