ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთზე ეუთოს მისიის შეფასებები მოსკოვის ეჭვებს იწვევს

23 მარტს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ეუთოში ალექსეი ბოროდავკინმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესს თბილისი აფერხებს.


“უფრო მეტიც, ბოლო თვეებში თბილისი მიზანმიმართულად უწყობდა ხელს სამხრეთ ოსეთის ირგვლივ სიტუაციის გართულებას“, – განაცხადა ბოროდავკინმა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის მიერ საქართველოს შესახებ წარდგენილი მოხსენების საპასუხოდ.


“ამასთან ჩვენს სერიოზულ ეჭვებს იწვევს საქართველოში ეუთოს მისიის მხრიდან ცოტა ხნის წინ თბილისის მიერ გაცხადებული ცალმხრივი ნაბიჯების  დადებითად შეფასება… საუბარი, კერძოდ, ეხება ქართული ბატალიონის როტაციის ვადების შემცირებას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცხადებულ განზრახვას კონფლიქტის ზონაში იმ სამხედრო მოსამსახურეების შეყვანასთან დაკავშირებით, რომელთაც შეხება არ აქვს სამშვიდობო ოპერაციასთან. საქართველოს ეს ქმედებები არა მოწონებას, არამედ დამატებით განგაშს უნდა იწვევდეს“, – იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოროდავკინის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ როი რივმა თავის მოხსენებაში გვერდი აუარა სამშვიდობოებზე საქართველოს პარლამენტის მიერ 15 თებერვალს მიღებული დადგენილების თემას, ასევე იანვარ–თებერვალში რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ მიმართულ “პროვოკაციებს“.


ბოროდავკინმა თავის გამოსვლაში მიუთითა შენიშვნებზე, რომელიც რუსულ მხარეს საქართველოში ეუთოს მისიის იმ ანგარიშებთან დაკავშირებით გააჩნია, რომელიც რეგულარულად იგზავნება ვენაში.


“მათში ასახულია ცხინვალის მიერ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ)ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობა, თუმცა მიჩუმათებულია ან არ არის კვალიფიცირებული, როგორც დარღვევა, თბილისის არასამართლებრივი ქმედებები“, – განაცხადა ალექსეი ბოროდავკინმა.


მან იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გზაზე ნაყოფიერი იქნება ვალადიკავკაზში 27–28 მარტს დაგეგმილი შსკ–ს სხდომა, რომელზეც განიხილება კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი პროგრამის შემუშავებისა და ასევე უსაფრთხოების გარანტიებისა და საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ ინიციატივა, რომელიც, ბოროდავკინის თქმით, ეუთოს ეკუთვნის.

Back to top button