
მმართველი პარტია ვალერი გელაშვილზე ზეწოლას აძლიერებს
21 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პარლამენტარებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა ბოკერიამ და რატი სამყურაშვილმა გენერალურ პროკურატურას დეპუტატ ვალერი გელაშვილის იმ “საეჭვო საქმიანობის“ შესწავლა მოსთხოვეს, რომელიც მის მიერ ხაშურში ერთ–ერთი შენობის შეძენას ეხება.
მმართველმა პარტიამ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ უკვე დაადანაშაულეს გელაშვილის სამშენებლო კომპანია “ევრა“ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით ამ სკოლის განზრახ დაწვაში.
“ქალაქ ხაშურში, სადაც გელაშვილის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი შენობა მდებარეობს, რომელშიც დღეს განთავსებულია რესპუბლიკური პარტიის ოფისი, თავის დროზე ამ შენობის დასაკუთრებას ვალერი გელაშვილის მიერ წინ უძღოდა ერთი საინტერესო ფაქტი. ერთის მხრივ, ცდილობდა ის [გელაშვილი] გამოესახლებინა ამ შენობაში მაცხოვრებელი ადამიანები და წარუმატებელი მცდელობა გაგრძელდა იმით, რომ ამ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ამის შემდგომ ეს შენობა გახდა ვალერი გელაშვილის საკუთრება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ორი ფაქტის დანაშაულებრივი ხელწერა და მეთოდები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, ჩვენ გვინდა მივმართოთ გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს ყველა არსებული ფაქტი“, – განაცხადა დეპუტატმა სამყურაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკვე დაგმეს ხელისუფლების ეს ბრალდებები, როგორც მცდელობა ცილისწამებლური კამპანიისა, რაც მიზნად ისახავდა გახმაურებული მკვლელობის საქმიდან და სხვა პრობლემებიდან საზოგადოებრივი ყურადღების გადატანას. ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გამოიძიოს გელაშვილზე გასული წლის ზაფხულში მომხდარი თავდასხმის ფაქტი.
“ეს არის კრიტიკა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მინუსია, რომ ეს საქმე ჯერ არ არის გამოძიებული… მაგრამ ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ორ საქმეს [გელაშვილზე თავდასხმას და ხანძარს] საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ 21 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, თან იქვე დასძინა, რომ ორივე საქმე გამოძიებული უნდა იქნას.