
თევდორაძე გირგვლიანის საქმესთან კავშირში მყოფთა თანამდებობიდან ჩამოცილებას მოითხოვს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირში არიან, თანამდებობეიდან უნდა გადადგნენ.
“ეს ადამიანები დრობით, გამოძიების დასრულებამდე მაინც უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან, იქნება ეს შვებულებაში გასვლის თუ სხვა ფორმით“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ელენე თევდორაძემ.
ადამიანი უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 13 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ხელისუფლება გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან სავარაუდო კავშირში მყოფი შსს–ს მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დატოვების გამო გააკრიტიკა.
12 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერით გასულმა სიუჟეტმა მიანიშნა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან კავშირი შესაძლოა ჰქონდეთ შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს დათა ახალაიას, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელს ოლეგ მელნიკოვს, შსს–ს გენინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს თაკო სალაყაიას და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს, რომელიც თანამდებობიდან “ჟურნალისტებთან გართულებული“ ურთიერთობების მოტივით 7 მარტს გაათავისუფლეს.