ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის პარტია დამფუძნებელ ყრილობას მართავს

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პარტიამ “საქართველოს გზამ“ 12 მარტს დამფუძნებელი ყრილობა გამართა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახდა დეპუტატი გია თორთლაძე. თორთლაძე საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წევრია.


ფილარმონიაში შეკრებილი 2000-მდე მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანა ორი ძირითადი საფრთხის წინაშე დგას. ეს არის: ვადების რევოლუციამდე არსებულ პერიოდში დაბრუნება და “რევოლუციონიზმი“.  


“ჩვენ აღარ გვჭირდება რევოლუციები… დემოკრატია გაიმარჯვებს და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით შეიცვლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, გაჩნდა იმის ნიშნები, რომ ვარდების რევოლუციის დანაპირები ხელისუფლებამ დაივიწყა. “ჩვენ ვხედავთ ნეო-შევარდნაძისტების გუნდს პარლამენტში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა, გულისხმობდა რა “ნაციონალურ მოძრაობას“.


“საქართველოს გზის“ ლიდერმა ასევე გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი მტკიცე ტაქტიკის და ჩვეულებრივი მოქალაქეების “პირადი უსაფრთხოების“ დაუცველობის გამო.


“კულტურა იყო ყოველთვის [საქართველოს] საყრდენი და არა პოლიცია, ან რომელიმე სხვა სტრუქტურა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა მმართველი პარტიიდან ზოგიერთი გავლენიანი დეპუტატის განცხადებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ვანო მერაბიშვილს საქართველოში სტაბილურობის საყრდენი უწოდეს.


ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს “ძლიერი არმია“ სჭირდება. “მაგრამ არა იმიტომ, რომ ომი უნდა დავიწყოთ“, – დასძინა მან.


მისი თქმით, “ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“. “ჩვენ დაგვავიწყდა სიტყვა მოქალაქის მნიშვნელობა. გუშინ მთელი დღე, როდესაც წალკის ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ვუსმენდი, მესმოდა: სომხები, სომხები. ვინ არიან ისინი? ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და პრობლემაც ის არის, რომ მოქალაქეები არ არიან დაცული არც წალკაში, არც თბილისში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button