ახალი ამბები

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიშალა

დღეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც სალარო აპარატების წინააღმდეგ გამოდიან, მას შემდეგ დაიშალნენ, რაც “კონსერვეტორული” პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, რომ ხელისუფლება დათმობაზე მოდის.


დავითაშვილის განცხადებით, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე სალარო აპარატებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან შესაძლო კომპრომისზე გააკეთა განცხადება.


“მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის – ეს მნიშვნელოვანი პუნქტია… გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ მათი განცხადება, რომ დაჯარიმების მკაცრი ადმინისტრირება დღეს არ ხდება და არც მოხდება უახლოეს მომავალში, რაც გვაძლევს საშულებას ვთქვათ, რომ თქვენმა ძალისხმევამ და ჩვენმა მოკრძალებულმა დგომამ თქვენს გვერდით მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, – განუცხადა აქციის მონაწილეებს კობა დავითაშვილმა.


მან მომიტინგეებს 15 მარტს პარლამენტის წინ შეკრებისაკენ ისევ მოუწოდა. ამ დღეს სალარო აპარატებზე ოპოზიციის კანონპროექტის განხილვა პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტში იგეგმება.

თუმცა კობა დავითაშვილის მიტინგზე გამოსვლის შემდეგ, ვიცე–სპიკერმა მაჭავარიანმა უარყო მისი განცხადება, რომ ხელისუფლება სალარო აპარატებთან დაკავშირებით კონპრომისზე წასვლას გეგმავს


“მე არ ვიცი რას გულისხმობდა კობა. მე ერთი რამე ვიცი, რომ სალარო აპარატებთან დაკავშირებით ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი მათ კანონპროექტს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.


ცოტა ხნის წინ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, ხოლო დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის კანონპროექტს, რომელიც იმ ინდივიდუალური მეწარმეების, რომლებიც დაქირავებულ შრომას არ იყენებენ, სალარო აპარატების მოხმარებისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა მომავალ ოთხშაბათს უნდა მიიღოს.

Back to top button