
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ახალაქალაქში სასამართლო და უნივერსიტეტი დაარბიეს
საპროტესტო აქციის ასობით მონაწილემ ახალქალაქის ადგილობრივ სასამართლოზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალზე 11 მარტს იერიში განახორციელა.
ახალქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციის თავდაპირველი მიზეზი იყო წალკაში 11 მარტს 24 წლის გევორქ გევორქიანის მკვლელობის სასწრაფო და მიუკერძოებელი გამოძიება. გევორქიანი შეტაკების შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივი მოსახლეობის და ეთნიკური უმცირესობის უფლებათა დაცვის ჯგუფების განცხადებით, ეს შეტაკება ეთნიკურმა მიზეზებმა გამოიწვიეს. თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველმა უარყო, როემ წალკაში მომხდარი შეტაკების უკან ეთნიკური მიზეზები იდგა და 11 მარტს განაცხადა, რომ ეს “ჩვეულებრივი ხულოგნობა“ იყო.
მოგვიანებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააყენეს მოთხოვნები, რაც სასამართლო პროცესების სომხურ ენაზე გამართვის უფლებას უკავშირდებოდა. აქციის მონაწილენი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც სასამართლოს შენობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილობრივი ფილიალი დაარბიეს.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხაჩატურ სტეპანიანმა განაცხადა, რომ სასამართლოს და უნივერსიტეტის დარბევა შესაძლოა პროვოკაცია იყო.
“დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამგვარი რამ ჩვენს მიერ დაგეგმილი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ეს იყო პროვოკაცია“, – განუცხადა სტეპანიანმა ტელეკომპანია “იმედს“.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას განიხილოს რეგიონისთვის ავტონომიის მინიჭების შესაძლებლობა “თვითმმართველობის ფართო უფლებამოსილებით, მათ შორის მმართველობის ყველა ორგანოს არჩევნების ჩატარების უფლებით“.