ახალი ამბები

მთავრობა სალარო აპარატებზე კომპრომისზე არ მიდის

მთავრობამ 9 მარტს ნათლად განაცხადა, რომ იგი არ დაემორჩილება ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების გზით განხორციელებულ ზეწოლას და არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას ბაზრობის მოვაჭრეებისათვის სალარო აპარატების შემოღების თაობაზე.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 9 მარტს ოპოზიციონერ პარლამენტარებს განუცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება სალარო აპარატებთან დაკავშირებით არ შეიცლება.


პრემიერ-მინისტრი ოთხ დეპუტატს “დემოკრატიული ფრონტიდან“ კობა დავითაშვილს, ზვიად ძიძიგურს, ბიძინა გუჯაბიძეს და ბეჟან გუნავას თავის კაბინეტში 9 მარტს გვიან ღამით მას შემდეგ შეხვდა,  რაც ამ დეპუტატებმა მასთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს.


“გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტარებს ხანმოკლე შეხვედრის დროს.


მისი თქმით, ის ფიქსირებული გადასახადები, რომლებსაც მოვაჭრეები მანამდე იხდიდნენ, ბიუჯეტამდე ვერ აღწევდა, რაც “ძირს უთხრიდა მთავრობის დაგეგმილ პროგრამებს განათლებისა და სოციალურ სფეროებში“.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაზრობებზე სიტუაცია უნდა შეიცვალოს სალარო აპარატების შემოღების მეშვეობით.


9 მარტს პარლამენტის წინ ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის, ახალი მემარჯვენეების და დემოკრატიული ფრონტის ორგანიზებით გამართულ აქციაზე  საპროტესტო აქციის 3 000-მდე მონაწილე შეიკრიბა, რომელთაც მოგვიანებით კანცელარიის წინ გადაინაცვლეს. ისინი სალარო აპარატების შემოღების შესახებ კანონის გაუქმებას ან თუნდაც გადავადებას მოითხოვდნენ. ამ კანონის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მიიღო, იმ მოვაჭრეებს, რომელთაც 1 მარტიდან სალარო აპარატები არ ექნებათ, 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

9 მარტს პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, მას შემდეგ რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.


კანონი, რომელიც სალარო აპარატების გამოყენებას ითვალისწინებს, ამ საპროტესტო აქციებამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა. თუმცა, ის არ მოქმედებდა ბაზრობებთან და ბაზრებთან მიმართებაში. დეკემბერში მიღებული ცვლილებებით პარლამენტმა მხოლოდ გაზარდა ჯარიმები. სალარო აპარატების საკითხი ოპოზიციის დღის წესრიგში თებერვლის ბოლოს დადგა, როდესაც ნათელი გახდა, რომ მთავრობა სერიოზულად აპირებდა ამ კანონის აღსრულებას.


მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეთა ნაწილმა უკვე შეისყიდა სალარო აპარატები, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ისინი ვერ შეძლებენ სალარო აპარატების შეძენას, რომლის საშუალო ღირებულებაც 300 ლარს შეადგენს და ფიქსირებული გადასახადის გადახდას მოითხოვენ.  ზოგიერთი მათგანი ასევე აცხადებს, რომ მათ პრობლემები შეექმნებათ სალარო აპარატების გამოყენების დროს, რადგანაც ისინი ამგვარი რადიკალური ცვლილებისთვის მზად არ არიან.


მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, მან გააკრიტიკა მთავრობა მოვაჭრეებისთვის არასაკმარისი განმარტებითი საქმიანობის განხორციელების გამო, რაც, მისი თქმით, ამ ადამიანების პროტესტით დასრულდა.


ოპოზიციის თქმით, მთავრობამ “სიჯიუტე“ გამოიჩინა მაშინ, როცა უარი თქვა კომპრომისზე წასულიყო.


“რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისგან არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს ხალხთან დიალოგი… ჩვენ განვაგრძობთ საპროტესტო აქციებს“, – განუცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს 9 მარტს პრემიერ-მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, თან იქვე დასძინა, რომ საპროტესტო აქცია 10 მარტს გაგრძელდება.


თუმცა, ხელისუფლება ამ აქციებს ყურადღების მიღმა ტოვებს. “ეს არ არის ის მთავრობა, რომელთანაც ასეთი [ქუჩის საპროტესტო აქციების გზით] ლაპარაკია შესაძლებელი“, – განაცხადა ნოღაიდელმა დეპუტატებთან შეხვედრაზე.


ხელისუფლების ყველა ოპონენტი არ იზიარებს ოპოზიციური პარტიების პოზიციას სალარო აპარატების საკითხთან დაკავშირებით. ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 8 მარტს “სივილ ჯორჯია“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში უფრო სერიოზული საკითხები არსებობს, მათ შორის კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, რომლებზეც მართლაც შეიძლება საპროტესტო აქციების გამართვა.


“მიმდინარე მწვავე საკითხებიდან არ არის ყველა ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე. მაგალითად, არ შეიძლება გამოხვიდე ქუჩაში სალარო აპარატებისა და გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე ერთნაირად. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა გამოხვიდე სალარო აპარატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button