
ბარამიძე: საქართველოს არაფორმალურად ნატოს წევრობის გეგმისაკენ გზა ეხსნება
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკული ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ 9 მარტს განაცხადა, რომ ნატო–ს ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით (IPAP) გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც ნატო–ს ექსპერტებმა IPAP–ის შესრულება ძალიან პოზიტიურად შეაფასეს, რაც არაფორმალურად [ნატოს] წევრობის სამოქმედო გეგმისკენ გზის გახსნას ნიშნავს“, – განაცხადა “რუსთავი 2“–ის პოლიტიკურ თოქ–შოუში ბარამიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს ნატო-ს ექსპერტების მხრიდან აღნიშნულ პროგრესს, “რაც გვაძლევს იმედს ალიანსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლისათვის“.
9 მარტს დასრულდა ნატო-ს ექსპერტთა შვიდკაციანი ჯგუფის მიერ IPAP–ის შეფასება. კერძოდ, სამი დღის განმავლობაში განხილულ იქნა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, მიღწევები კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ტერორიზმთან ბრძოლის, საზღვრის დაცვის, აგრეთვე ნატო-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები.