ახალი ამბები

ნოღაიდელი სალარო აპარატებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ მიდის

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 9 მარტს ოპოზიციონერ პარლამენტარებს განუცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება სალარო აპარატებთან დაკავშირებით არ შეიცვლება.


პრემიერ-მინისტრი ოთხ დეპუტატს “დემოკრატიული ფრონტიდან“ კობა დავითაშვილს, ზვიად ძიძიგურს, ბიძინა გუჯაბიძეს და ბეჟან გუნავას თავის კაბინეტში 9 მარტს გვიან ღამით მას შემდეგ შეხვდა,  რაც ამ დეპუტატებმა მასთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს.


“გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტარებს ხანმოკლე შეხვედრის დროს.


მისი თქმით, ის ფიქსირებული გადასახადები, რომლებსაც მოვაჭრეები მანამდე იხდიდნენ, ბიუჯეტამდე ვერ აღწევდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაზრობებზე სიტუაცია უნდა შეიცვალოს სალარო აპარატების მეშვეობით.


9 მარტს პარლამენტის წინ, ხოლო შემდეგ კანცელარიის წინ საპროტესტო აქციის 3 000-მდე მონაწილე შეიკრიბა. ისინი სალარო აპარატების შემოღების შესახებ კანონის გაუქმებას ან თუნდაც გადავადებას მოითხოვდნენ. ამ კანონის თანახმად, იმ მოვაჭრეებს, რომელთაც 1 მარტიდან სალარო აპარატები არ ექნებათ, 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.


“ეს არ არის ის მთავრობა, რომელთანაც ასეთი [ქუჩის საპროტესტო აქციების გზით] ლაპარაკია შესაძლებელი“, – განაცხადა ნოღაიდელმა დეპუტატებთან შეხვედრაზე.


“ვერ ვხედავ ჩვენი დიალოგის გაგრძელების მიზეზს“, -დასძინა მან.


“რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისგან არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს ხალხთან დიალოგი… ჩვენ განვაგრძობთ საპროტესტო აქციებს“, – განუცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს.


საპროტესტო აქციის მონაწილენი აქციის გაგრძელებას 10 მარტს გეგმავენ.

Back to top button