
საგარეო უწყება გალში მომხდარ ყაჩაღურ მკვლელობას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებას გამოხატავს და მოუწოდებს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს, გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს რეაგირება მოახდინონ გალის რაიონში 8 მარტს მომხდარ ინციდენტზე, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, 8 მარტს გალის რაიონის სოფელ საბერიოში ავტომანქანით მოძრაობდა ოთხი მგზავრი, ორი ეროვნებით აფხაზი და ორი ქართველი, მათგან ერთ-ერთი იყო მცირეწლოვანი ბავშვი. მათ თავს დაესხა უცნობი შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფი. თავდასხმის შედეგად, ოთხივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ.
“აღნიშნული ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. მილიცია და რეგიონში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალები ვერ აკონტროლებენ კრიმინალურ მდგომარეობას რეგიონში, რასაც ხშირ შემთხვევაში ეწირება უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს განაცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გალის რაიონში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაიხსნას გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი და შემოყვანილ იქნას საერთაშორისო პოლიცია, “რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტები“.