ახალი ამბები

სოხუმი ცალმხრივ განიარაღებას ეწინააღმდეგება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა “აბსურდულს” უწოდებს თბილისის წინადადებას კონფლიქტების დარეგულირების მიზნით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციის თაობაზე.


კონფლიქტების მოგვარების თაობაზე ქართული მხარის სამშვიდობო წინადადებებში ერთ–ერთი მთავარი ეტაპი თვითგამოცხადებული რეგიონების დემილიტარიზაციაა. 


“აფხაზეთსა და და სამხრეთ ოსეთს არ შეუძლიათ განიარაღება და დემილიტირებული ზონების შექმნა ცალმხრივად მაშინ, როცა საქართველო ნატოში შესასვლელად ემზადება…თავის შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს. პირიქით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადექვატურად ვუპასუხოთ ნებისმიერ აგრესიას“, – იუწყება “აფსნიპრესი“ 7 მარტს შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


შამბა ასევე კომენტარს აკეთებს აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. მისი თქმით, სოხუმი წინააღმდეგია საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური თუ სხვა მოდელით არსებობის.

“რამდენი შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აფხაზეთი არ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას საქართველოში შესვლის თაობაზე“, – დასძენს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

Back to top button