ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობამ მერაბიშვილს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ მმართველი ფრაქციის სახელით ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და ოპოზიციას მოუწოდა “დაივიწყონ მისი გადადგომის მოთხოვნის საკითხი“.


ოპოზიციამ 7 მარტს ულტიმატუმი წაუყენა ვანო მერაბიშვილს, რათა საღამომდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია და მისი მოადგილე ოლეგ მელნიკოვი გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან მათი შესაძლო კავშირის გამო თანამდებობიდან გადაეყენებინა. მხოლოდ ამ პირობის შესრულების შედეგად დათანხმდება ოპოზიცია მერაბიშვილის გადაყენების კამპანიის შეწყვეტას.


“ეს არის მინისტრი, რომელმაც გახსნა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაული… თუ ჩვენს შორის აღმოჩნდა დამნაშავე, ვითხოვოთ იმ ადამიანის გადაყენება, რომელიც დანაშაულის გახსნას უზრუნველყოფს, არასწორია“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ნადირაძემ.


მისი თქმით, უმრავლესობის პოზიციაა ვანო მერაბიშვილის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და “ის, რომ დამნაშავეების დასჯა არასოდეს იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ“.


ნადირაძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანი მკვლელობაში ეჭვმიტანილი შსს–ს ოთხი ოფიცერი 6 მარტს მტკიცებულებების საფუძველზე დაიჭირეს. “თუ იქნება მტკიცებულებები სხვა პირების წინააღმდეგაც, ხელშეუხებელი არავინ არის და ისინი იქნებიან დასჯილნი“, – დასძინა ნადირაძემ.


პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ოპოზიცია “პიროვნული ტრაგედიების გამოყენებით“ პოლიტიკური შოუების მოწყობასა და დამნაშავეთა სამყაროს მხარდაჭერაში დაადანაშაულა.


“ეს [ოპოზიცია] ის ხალხია, ვინც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონს ხმა არ მისცა და ამ სამყაროს დიდი მხარდაჭერით სარგებლობს“, – განაცხადა თარგამაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button