ახალი ამბები

მერაბიშვილი გვიჩიანის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე “თბილგაზის“ მმართველის გიორგი გვიჩიანის დაკავებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ “საქართველოში ხელშეუხებელი არავინ არის, მათ შორის ჩვენ დროს დაწინაურებული, დანიშნული პირები“.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პეციალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა გიორგი გვიჩიანი დღეს დილით 2002 წლის 13 აგვისტოს “თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის შეკვეთით და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


მინისტრის ინფორმაციით, ლომინაძის მკვლელობაში მონაწილე კიდევ 4 პირია დაკავებული, რომელთა ვინაობაც “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ არ სახელდება.


“[მკვლელობისათვის] გადახდილი იყო 20 ათასი აშშ დოლარი და მკვლელობის მოტივი იყო იმ ფინანსური მაქინაციების დამალვა, რომელიც სავარაუდოდ განხორციელდა მაშინ თელასში“, – განაცხადა მერაბიშვილმა.


მისი თქმით, ეს საქმე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. “თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი საქმეები გავხსენით… მათ შორის ჩვენ [მმართველობის] დროს მომხდარი დანაშაულები. ყველა მინდა დარწმუნდეს, რომ საქართველოში ხელშეუხებელი არავინ არის და მათ შორის ჩვენ დროს დაწინაურებული, დანიშნული პირები… თუ ისინი არიან დამნაშავეები, პასუხს აგებენ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა მერაბიშვილმა. 

Back to top button