
აფხაზეთი გმობს უკრაინა-მოლდოვას საბაჟო რეჟიმს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ 7 მარტს განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვას შორის დამყარებული ახალი საბაჟო რეჟიმი ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას და პოლიტიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე.
ახალი საბაჟო რეჟიმის თანახმად, 3 მარტიდან დნესტრისპირეთიდან უკრაინაში ექსპორტირებული ყველა პროდუქცია მოლდოვას საბაჟოზე უნდა განბაჟდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ გადასახადები მოლდოვას მთავრობას უნდა გადაუხადოს.
“ეკონომიკური ბლოკადა ვერ გატეხავს ხალხის ნებას და მისწრაფებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლოსაკენ“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
“ქართულმა მხარემაც კი დაიწყო იმის გაგება, რომ საჭიროა უარი ეთქვას ამგვარ ქმედებებს [ეკონომიკურ ბლოკადას], რათა მიღწეულ იქნას მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გარკვეული დონე“, – დასძინა მან.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უკრაინის ახალ საბაჟო რეჟიმს დნესტრისპირეთზე “დაუფარავი პოლიტიკური ზეწოლა“ უწოდა.