ახალი ამბები

შამბა: აფხაზეთში დაკავებულ სამ ქართველს სულ სხვა მოტივი ამოძრავებდათ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ დაკავებული სამი ქართველის აფხაზეთში ყოფნას არავითარი კავშირი არ ქონდა რელიგიურ მოტივებთან, იუწყება 6 მარტს “აფსნიპრესი“. 


“მათ სულ სხვა მოტივი ამოძრავებდათ“, – აცხადებს შამბა, თუმცა რას გულისხმობს, არ აკონკრეტებს. 


1 მარტს თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა  ქართველი კინოდოკუმენტალისტები თეა შარია, ტარიელ სოხაძე და თეიმურაზ ელიავა დააკავეს, რომლებიც ქართული მხარის განცხადებით,  აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქვის ქართული ეკლესიის გადასაღებად იმყოფებოდნენ.


“მიამიტური იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ სარკინიგზო ხიდების და სადგურების გადაღება, რაიმე კავშირშია რელიგიურ ძეგლებთან“, – აცხადებს შამბა, იმ ფოტო მასალებზე დაყრდნობით, რომელიც აფხაზურმა მხარემ დაკავებულებს აღმოუჩინა.


“აფსნიპრესის“ ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებიც ამჟამად სოხუმის იზოლატორში იმყოფებიან, ადამიანის უფლებათა გაეროს ოფისის დამკვირვებლებმა 6 მარტს მოინახულეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button