ახალი ამბები

სახელმწიფო დევნილების მიმართ სტრატეგიის შემუშავებას იწყებს

დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტმა გიორგი ხევიაშვილმა  განაცხადა, რომ ახლადშექმნილი სპეციალური სამთავრობო კომისია დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობას იწყებს.


გიორგი ხევიაშვილის განცხადებით, გეგმის მთავარი პრიორიტეტები იქნება დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესება, მათი დასაქმება, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ ღონისძიებების განხორციელება 2010 წლამდე იგეგმება.


“აქამდე სახელმწიფიოს დევნილებთან მიმართებაში ასეთი გეგმა არ გააჩნდა. ეს ადამიანები [დევნილები] იმსახურებენ ღირსეულად აქ ცხოვრებას და შემდგომ კი ღირსეულად  დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე“, – განაცხადა 6 მარტს გიორგი ხევიაშვილმა სამთავრობო კომისიის პირველ შეხვედრაზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  


იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძის ინფორმაციით, სამინისტრო უახლოეს პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილების კუთვილი ქონების აღწერასა და მათ დაკანონებაზე მუშაობას დაიწყებს.


მისი თქმით, დევნილთა ქონებრივი უფლებების დარეგისტრირების “შრომატევადი“ პროცესი დევნილების მხრიდან თანამშრომლობის საფუძველზე უნდა წარიმართოს.

Back to top button