ახალი ამბები

რუსი სამხედრო: ვიზების პრობლემამ შესაძლოა ბაზების გაყვანა შეაფერხოს

საქართველოს სავიზო პოლიტიკამ ქვეყანაში განთავსებული რუსი სამხედროების მიმართ შესაძლოა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი შეაფერხოს, განაცხადა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების შტაბის მეთაურმა ანდრეი პოპოვმა 28 თებერვალს “რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
 
მისი თქმით, ქართული მხარის განცხადება, რომ თბილისმა რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემა 20 თებერვალს დაიწყო “ნაწილობრივაა მართალი“. სამხედროებისათვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთის საელჩოს მიერ 21 თებერვალს ქართველი მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაცემის შეწყვეტის მთავარი მიზეზი იყო.       
 
“ქართულმა მხარემ დაიწყო ერთჯერადი ვიზების გაცემა, რომლებიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებენ. ადრე, 2005 წლის მარტამდე რუს სამხედროებს ერთწლიანი, მრავალჯერადი ვიზები ჰქონდათ. ახლა, თუ რუსი სამხედრო საზღვარს გადაკვეთს, მას აღარ ექნება უფლება საზღვარი უკან გადმოკვეთოს [საქართველოში]. ამგვარი სავიზო პოლიტიკა არ გაამარტივებს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს, პირიქით, კიდევ უფრო გაართულებს მას“, – განაცხადა პოპოვმა.
 
მისი თქმით, მან უკვე აცნობა რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს, რომ რუსეთის ჯარების შტაბი უარს აცხადებს ამგვარ სავიზო მიდგომაზე და სამხედროებისთვის მრავალჯერად ვიზებს მოითხოვს. 
 
“ერთჯერადი წლიური ვიზების გაცემის შემთხვევაში, არამარტო სამხედროების, არამედ მათი ოჯახების უფლებებიც შეიზღუდება თავისუფალი გადაადგილების კუთხით. თუ ეს გაგრძელდება, ჩვენ მოგვიწევს განვაცხადოთ, რომ ვერ შევძლებთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას 2006 წელს ბაზების გაყვანის პროცესთან დაკავშირებით“ , – განაცხადა პოპოვმა.
 
მისი თქმით, გეგმის მიხედვით, იმ სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, რომელიც რუსეთმა ახალქალაქის 62-ე სამხედრო ბაზიდან უნდა გაიყვანოს 2006 წელს 360 ერთეულს შეადგენს. 
 
“ჩვენ ახალქალაქის ბაზის გაყვანა 2007 წელს უნდა დავასრულოთ; ხოლო ბათუმის სამხედრო ბაზის – 2008 წელს. მე მაქვს ბრძანება, რომელიც უნდა შევასრულო. მაგრამ თუ ანალოგიური სიტუაცია გაგრძელდება, მე მომიწევს ვთხოვო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას გააგრძელოს ბაზების გაყვანის ვადები“, – განაცხადა ანდრეი პოპოვმა.
 
მისი თქმით, ერთჯერადი ვიზები მისაღებია იმ სამხედროებისთვის, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეები არიან, თუმცა რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. “საქართველოში განლაგებულ რუსულ ჯარებში ამგვარი კატეგორიის სამხედროები მხოლოდ 30%-ს შეადგენენ“, – დასძინა მან.
 
მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად 1 820 სამხედროს, მათი ოჯახების წევრებს არ აქვთ ქართული ვიზები. “ეს არის რუსულ სამხედრო ბაზებზე მოსამსახურე რუსი  სამხედროების დაახლოებით 90%“, – განაცხადა პოპოვმა, თან იქვე დასძინა, რომ მათ ვიზებს ვადა 2004-2005 წლებში გაუვიდა.
 
მან ასევე გამოხატა შეშფოთება საქართველოს სამხედრო პოლიციის უფროსის ალექსანდრე სუხიტაშვილის გაფრთხილებაზე, რომელმაც, პოპოვის თქმით, განაცხადა, რომ ქართული მხარე დააპატიმრებს იმ რუს სამხედროებს, რომელთაც 10 მარტამდე ქართული ვიზები არ ექნებათ. 
 
“ამჟამად, დაახლოებით 40-50 ვიზა გაიცემა ყოველდღიურად, თუმცა 10 მარტამდე მხოლოდ 10 დღე დარჩა“, – განაცხადა მან.
 
პოპოვის თქმით, თუ ქართული მხარის ეს მოთხოვნა ძალაში შევა, რუსეთი “ადექვატურ ზომებს“ მიიღებს საპასუხოდ. 
 
“ეს ზომები შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის – პოლიტიკური, ეკონომიკური, დიპლომატური. თუ ჩვენ მოქალაქეებს დააპატიმრებენ საქართველოში, გამკაცრდება ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეების მიმართ რუსეთში… როგორც ჩანს, სამწუხაროდ, სხვა მეთოდები არ არსებობს. ჩვენ დაცვა გვჭირდება“, – დასძინა რუსმა სამხედრომ.   


 

Back to top button