ახალი ამბები

INCB: სამხრეთ კავკასია ნარკოტრანზიტის მნიშვნელოვანი რეგიონია

სამხრეთ კავკასია ნარკოტიკების ტრანზიტის მნიშველოვანი რეგიონი ხდება, ნათქვამია გაეროს მიერ ნარკოტიკების შესახებ მიღებული საერთაშორისო კონვენციების განხორციელების მიზნით დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანოს – ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სააგენტოს (INCB) მიერ 1 მარტს გავრცელებულ წლიურ მოხსენებაში


მოხსენება ასევე აღნიშნავს, “ნარკოტიკების გამოყენების მნიშვნელოვან ზრდას“ რეგიონში.


“საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 275,000 ნარკოტიკების მომხმარებელია; ეს მაჩვენებელი 2003 წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.


მოხსენების თანახმად, ეს ზრდა ძირითადად განაპირობა ნარკოტიკული აბების “სუბოტექსის“ იმპორტმა და უკანონო გაყიდვამ.


“ნარკოტიკების მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, საერთაშორისო სააგენტოს სურს გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის ყურადღება მიაპყროს ამ უარყოფით მოვლენებზე და მოითხოვს მისგან აქტიური ზომები მიიღოს, რათა დაეხმაროს ამ რეგიონის სახელმწიფოების მთავრობებს გააუმჯობესონ ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სისტემები, რეგიონალური თანამშრომლობა და სასაზღვრო კონტროლი“, – ნათქვამია მოხსენებაში.


ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობა “ვერ უმკლავდება ფულის გათეთრების პრობლემას“. ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სააგენტო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამოასწოროს სიტუაცია.

Back to top button