ახალი ამბები

შს მინისტრი და გენპროკურორი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მივლენ

ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს “ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად დაგეგმილ ერთობლივ სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის ნაცვლად მათი წარმომადგენლები დაესწრებიან და დეპუტატებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების შესახებ  ინფორმაციას მიაწვდიან.


“თავად მინისტრი და გენპროკურორი პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე ინფორმაციით 28 თებერვალს, 16 საათზე წარსდგებიან“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დავით ზურაბიშვილმა.


ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი 22 თებერვალს მას შემდეგ მიიწვიეს, რაც გაჩნდა ვარაუდები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან შესაძლო კავშირის თაობაზე. 

Back to top button