ახალი ამბები

სააკაშვილი სამხრეთ ოსეთზე საუბრობს

რუსულ გაზეთ “კომერსანტ“-ისთვის  მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 27 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას გეგმავს. მისი თქმით, ეს იქნება გრძელი, მაგრამ ყველაზე ეფექტური გზა.


“ადამიანის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია და განსაკუთრებით აქ [კავკასიის რეგიონში]. მე ეს ძალიან კარგად ვიცი და ასევე კარგად ვიცი აქედან [ძალის გამოყენებიდან] მიღებული გამარჯვების ფასი. შეხედეთ აფხაზეთს – ამჟამად იქ ომამდე მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 10-15% ცხოვრობს; შეხედეთ ჩეჩნეთს. ყველაზე სწორი გზა არის მოთმინების გზა. ეს უფრო გრძელი გზაა, თუმცა ბევრად უფრო ეფექტური“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში ძალის გამოყენების თაობაზე მხოლოდ პრეზიდენტმა შეიძლება მიიღოს. “მე კი არ ვაპირებ ამ გადაწყვეტილების მიღებას… თუმცა, მე იმასაც ვფიქრობ, რომ აღარ შეიძლება არსებული ვითარების შენარჩუნება. შეუძლებელია, მუდმივად სამხედრო ბანაკში ცხოვრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთს ამჟამად მოსკოვის მიერ გამოგზავნილი რუსი ოფიცრები მართავენ.


“მათ ე.წ. ხელმძღვანელობაში მხოლოდ ერთი ოსია – [სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ] კოკოითი. დანარჩენები რუსი სამხედროები არიან, რომლებიც იქ ამ პატარა ტერიტორიის სამართავად გამოაგზავნეს“, – დასძინა მან.


სააკაშვილმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მას “კატეგორიულად უარყოფითი“ პოზიცია აქვს კოსოვოსა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს შორის პარალელების გავლების მიმართ.


“კოსოვოს დამოუკიდებლობა ნამდვილად პრობლემატური საკითხია. ის პრობლემატურია, რადგანაც კოსოვოს მსგავსი ბევრი ტერიტორია არსებობს. რა თქმა უნდა, პრეცედენტის შექმნა ძალიან სარისკოა. დიდხანს ვიფიქრებდი, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. სამხრეთ ოსეთის კოსოვოსთან შედარება არ შეიძლება. ეს [სამხრეთ ოსეთი] ჭადრაკის დაფას ჰგავს, სადაც ერთმანეთაში არსეულია ქართული და ოსური სოფლები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე არ გულისხმობს მათი დაუყონებლივ გაყვანის მოთხოვნას.


“ეს დადგენილება ნიშნავს არა დაუყონებლივ გაყვანას, არამედ რუსეთთან კონსულტაციების დაწყებას… რუსეთის სურვილის შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის პრობლემა ორ დღეში მოგვარდება. მე არ ვაზვიადებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button