ახალი ამბები

ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს პარლამენტს მიმართა წინადადებით  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონში, სადაც ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსრიდა.


პარლამენტი ამ წინადადებას, სავარაუდოდ, 28 თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.


საქართველოს მთავრობამ 25 თებერვალს გასცა ბრძანება ფრინველის გრიპის კერის ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსში შინაური ფრინველის განადგურების თაობაზე.


პრეზიდენტის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის შესახებ ითვალისწინებს ხელვაჩაურის რაიონში შინაური ფრინველის და ფრინველის პროდუქტის კონფისკაციას; გარეულ ფრინველზე ნადირობის აკრძალვას და ადგილობრივი მოსახლეობისგან სანადირო თოფების კონფისკაციას; საჭიროების შემთხვევაში გადაადგილების შეზღუდვას. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საგანგებო მდგომარეობა 2006 წლის 1 ოქტომბრამდე იქნება ძალაში.


ფრინველის გრიპის პირველი შესაძლო შემთხვევა საქართველოში 24 თებერვალს დაფიქსირდა. H5N1-ის ვირუსი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიას მახლობლად ტბაზე ნაპოვნ მკვდარ გედს აღმოაჩნდა. მისი ნიმუშები უკვე გადაიგზავა ლონდონის ლაბორატორიაში, თუმცა პასუხი ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის.

Back to top button