
საქართველოში ფრინველის გრიპის სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 24 თებერვალს გამართულ მთავროიბის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლეაში ნაპოვნი იქნა 11 დახოცილი გედი, რომელთაგან სულ ცოტა ერთი სავარაუდოდ „ფრინველის გრიპით“ იყო დაავადებული. მთავრობამ ცოცხალი ფრინველით ვაჭრობა უკვე აკრძალა.
„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ლაბორატორიული შემოწმებები და წინასწარი მონაცემებით ერთ-ერთი გედი დაავადებულია H5N1 ფრინველის გრიპის ვირუსით… ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ ამ ვირუსის სალიკვიდაციოდ“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა.
პრემიერ-მისნიტრის თქმით, ლაბორატორიის გამოკვლევის შედეგები გადაგზავნილია ე.წ. რეფერალურ ლაბორატორიებში ლონდონსა და ვენეციაში და დაზუსტებული მონაცემები ორ-სამ დღეში ჩამოვა საქართველოში.
დღეს პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად აჭარაში ჩავა, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას. ნოღაიდელის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ვირუსი არ გავრცელდეს შინაურ ფრინველზე და არ დაფიქსირდეს ადამიანებზე გადასვლის შემთხვევბი.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე რეკომენდაცია მისცა მოსახლეობას თავი შეიკავონ ფრინველზე ნადირობისგან.
მან ასევე დაავალა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაამკაცრონ კონტროლი განსაკუთრებით ფრინველთა მიგრაციის ადგილებში, მათ შორის სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში.
პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა განათლების მინისტრს განაგრძოს სპეციალური კურსები სკოლებში, რათა შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოთ მოსწავლეებს ფრინველის გრიპის თაობაზე.
აშშ-მა ცოტა ხნის წინ თბილისის ვეტერინალური დიაგნოსტიკის და ექსპერტიზის ცენტრალური ლაბორატორიის რეკონსტრუქცია განახორციელა. ლაბორატორია, რომელიც ყველაზე თანამედროვეა რეგიონში, საშუალებას აძლევს საქართველოს საშუალებას დაადასტუროს, ან უარყოს ისეთი დაავადების არსებობა, როგორიც ფრინველის ვირუსია, იტყობინება აშშ-ს საელჩო თბილისში.
გარდა ამისა, 15 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 500 პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. ეს აღჭურვილობა მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ანალიზისთვის საჭიროს ფრინველის ნიმუშებს იღებენ.
ეს საჩუქარი მას შემდეგ იქნა გაკეთებული, რაც ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს ეწვია, რათა ფრინველის გრიპის გავრცელების შემთხვევაში ქვეყნის მზადყოფნა შეემოწმებინა. მათ აღმოაჩინეს, რომ საქართველოს არ გააჩნდა პერსონალური დაცვის აღჭურვილობები. სავარაუდოდ, აშშ დამატებით 600 აღჭურვილობას შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს გადასცემს.
საქართველოს მთავრობამ აქტიური ქმედებები ფრინველის გრიპის საქართველოში გავრცელების წინააღმდეგ იანვარში დაიწყო, მას შემდეგ რაც ეს ვირუსი თურქეთში, საქართველოს საზღვრის მახლობლად დაფიქსირდა. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები სპეციალური სადეზინფექციო მოწყობილობებით აღიჭურვა და საქართველოში შემომავალ ყველა მანქანას სადეზინფექციო პროცედურები უტარდებოდა.
“თუ ეს ვირუსი საბოლოოდ დაფიქსირდა საქართველოში, ჩვენი მიზანი იქნება მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ შინაური ფრინველის და რა თქმა უნდა მოსახლეობის დაავადება. მთელი ჩვენი მცდელობები ამ მიზნისკენ იქნება მიმართული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.