
საქართველოში ფრინველის გრიპის სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 24 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლეაში ნაპოვნი იქნა 11 დახოცილი გედი, რომელთაგან სულ ცოტა ერთი სავარაუდოდ “ფრინველის გრიპით“ იყო დაავადებული. მთავრობამ ცოცხალი ფრინველით ვაჭრობა უკვე აკრძალა.
“მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ლაბორატორიული შემოწმებები და წინასწარი მონაცემებით ერთ-ერთი გედი დაავადებულია H5N1 ფრინველის გრიპის ვირუსით… ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ ამ ვირუსის სალიკვიდაციოდ“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა.
პრემიერ-მისნიტრის თქმით, ლაბორატორიის გამოკვლევის შედეგები გადაგზავნილია ე.წ. რეფერალურ ლაბორატორიებში ლონდონსა და ვენეციაში და დაზუსტებული მონაცემები ორ-სამ დღეში ჩამოვა საქართველოში.
დღეს პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად აჭარაში ჩავა, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას. ნოღაიდელის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ვირუსი არ გავრცელდეს შინაურ ფრინველზე და არ დაფიქსირდეს ადამიანებზე გადასვლის შემთხვევები.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა რეკომენდაცია მისცა მოსახლეობას თავი შეიკავონ ფრინველზე ნადირობისგან.
მან ასევე დაავალა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაამკაცრონ კონტროლი განსაკუთრებით ფრინველთა მიგრაციის ადგილებში, მათ შორის სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში.
პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა განათლების მინისტრს განაგრძოს სპეციალური კურსები სკოლებში, რათა შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოთ მოსწავლეებს ფრინველის გრიპის თაობაზე.