ახალი ამბები

საქართველო ევროპის საბჭოს ფარული საპატიმროების შესახებ ინფორმაცის აწვდის

23 თებერვალს საქართველომ ინფორმაცია მიაწოდა ევროპის საბჭოს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ფარული საპატიმროების და ამავე სახით დაპატიმრებულთა ტრანსპორტირების შესახებ – ინფორმაციის მიწოდების ვადის ამოწურვიდან ორი დღის შემდეგ. 


22 თებერვალს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს ხუთმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, დათქმულ ვადაში ვერ წარმოადგინა ინფორმაცია.


“გუშინ [22 თებერვალს] გაკეთებული განცხადების შემდეგ ევროპაში დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაციასთან დაკავშირებით, მინდა გაცნობით, რომ ბელგიამ, ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ, იტალიამ და საქართველომ როგორც იქნა გამოაგზავნეს თავიანთი პასუხები 22-ში საღამოს და 23 თებერვალს დილით… ამ პასუხებს განვიხილავთ დანარჩენ 41 პასუხთან ერთად, რომლებიც დათქმულ ვადებში მივიღეთ“, – განაცხადა ტერი დევისმა.


2005 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა სთხოვა წევრ სახელმწიფოებს ინფორმაცია მიეწოდებინათ იმის თაობაზე, თუ რომელი კანონები მიიღეს მათ ადამიანთა დასაცავად “გაუჩინარებისგან, ფარული პატიმრობისგან და მათი საგანგებო გადაყვანისგან იმ ადგილებში, სადაც წამების ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი შეიძლება აღმოჩნდნენ“.


საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ფარული საპატიმროების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე. 



 

Back to top button