
ეროვნული ბანკი FATF-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აფხაზეთის გამო სთხოვს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფის (FATF) თავმჯდომარეს წერილით მიმართა, რომელშიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო საფინანსო სტრუქტურებთან რუსული კომერციული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის გამო, ამ ორგანიზაციის წინაშე რუსეთის, როგორც FATF-ის წევრი ქვეყნის მიმართ მკაცრი გაფრთხილების და სათანადო სანქციების გამოყენების საკითხი დააყენა.
რომან გოცირიძე ასევე მიმართავს FATF-ს, “აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საბანკო დაწესებულებები არალეგიტიმურად იქნეს ცნობილი და იქცეს შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტად, ისევე, როგორც მათ მიერ უცხო სახელმწიფოთა საბანკო სტრუქტურებთან დამყარებული კონტაქტები“.
“საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის სახელმწიფო და კომერციულ ბანკებს დამყარებული აქვთ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საბანკო და საფინანსო სტრუქტურებთან, რომელთა დახმარებით აფხაზეთში ხორციელდება მნიშვნელოვანი მოცულობით შავი ფულის გათეთრება. რუსეთის ბანკები აფხაზეთის უკონტროლო ტერიტორიას და მის ბანკებს იყენებენ თავიანთი არაკეთილსინდისიერი მიზნების შესანიღბად და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისაგან თავის ასარიდებლად“, –. ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ 23 თებერვალს გავრცელებულ პრეს–რელიზში.
ეროვნული ბანკი, რომლის პრეროგატივაცაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბანკო საქმიანობის რეგულირება, აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბანკების უკონტროლო ფუნქციონირება და რუსეთის ბანკების მეშვეობით მათი მონაწილეობა საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში, “დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზების ფართო შესაძლებლობებს იძლევა”.
„რუსეთის ცენტრალური ბანკი და რუსეთის მთავრობა, რომლებიც თვალს ხუჭავენ მათი ზედამხედველობის სფეროში მყოფი სტრუქტურების კონტაქტებზე აფხაზეთის სახელისუფლებო, სამეურნეო და საფინანსო სუბიექტებთან, ფაქტობრივად, უგულებელყოფენ, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისე თვით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას და რუსეთის ცენტრალური ბანკის დებულებით გათვალისწინებულ ნორმებსაც“, – ნათქვამია პრეს–რელიზში.