
ქართული დელეგაცია ბაქოში სუამის წარმომადგენელთა შეხვედრას დაესწრება
საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ბაქოში სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ეროვნულ კოორდინატორთა მორიგ შეხვედრაზე დასასწრებად გაემგზავრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება 2006 წლის სუამის სამუშაო გეგმის პროექტი, სუამის ბაზაზე საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნისათვის შემუშავებულ დოკუმენტები და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სუამის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების მიზნით სუამის ქვეყნების ძალისხმევის კოორდინაციაზე.
24-25 თებერვალს ბაქოში დაგეგმილია ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეებისა და სხვა დაინტერესებული ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ენერგორესურსებთან დაკავშირებული პროექტები, ევროპის ენერგობაზარზე მათი ალტერნატიული გზებით მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასა და ტრანზიტთან დაკავშირებული საკითხები.