
ეუთოს თავმჯდომარე სამხრეთ ოსეთზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა მოუწოდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, გამოიჩიონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ცალმხრივი ქმედებები, რამაც შესაძლოა სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს, იტყობინება ეუთოს პრეს-სამსახური.
“ახლა მნიშვნელოვანია დიალოგის განახლება. ყველა მხარემ კონსტრუქციული პოზიცია უნდა დაიკავოს 2005 წლის დეკემბერში ლუბლიანაში ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებული განცხადების სულისკვეთებით. არსებობს გადაუდებელი საკითხები, როგორიცაა სასწრაფო დემილიტარიზაციის საჭიროება და შემდგომი პროგრესი სამშვიდობო ინიციატივების კუთხით, რომლებიც უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.
კარელ გუხტმა სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან 21 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილა. რუსეთმა უარი განაცხადა ვენაში შსკ-ს სხდომაში მონაწილეობაზე.
“ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ პოლიტიკური დიალოგის განახლების არსებული შესაძლებლობები არ არის გამოყენებული“, – განაცხადა კარელ დე გუხტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ იგი კვლავ გეგმავს თავისი სპეციალური წარმომადგენლის, სენატორ პიერ შევალიეს გამოგზავნას რეგიონში. სენატორი შევალიე უკვე სტუმრობდა საქართველოს 16-17 თებერვალს.
“იგი განაგრძობს მხარეებთან მოლაპარაკებებს და განიხილავს პოლიტიკური დონის შეხვედრის მოწყობის შესაძლებლობებს ბრიუსელში ან რომელიმე სხვა, მხარეებისთვის მისღებ ქალაქში“, – განაცხადა მან.