
საგარეო უწყება: ყალბი ვალუტა სამხრეთ ოსეთში მზადდება
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში “ყალბი ვალუტის ინტენსიური დამზადება მიმდინარეობს“, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 20 თებერვალს, მას შემდეგ რაც საქართველოს პოლიციამ ცხინვალის მაცხოვრებელი ეთერ კაჩმაზოვა 20 000 ყალბი აშშ დოლარის რეალიზაციის ფაქტზე დააკავა.
“რეგიონში [სამხრეთ ოსეთში] ყალბი აშშ დოლარების დიდი რაოდენობაა დაგროვილი, რომელიც შემდეგ უცხოურ ქვეყნებში შედის მიმოქცევაში, მათ შორის რუსეთში, ისრაელსა და აშშ-ში. 2005 წლის ზაფხულში ყალბი აშშ დოლარები, იმის იდენტური, რაც ცხინვალის რეგიონში აღმოაჩინეს, ნაპოვნი იქნა ბალტიმორში, ხოლო 2005 წლის შემოდგომაზე ლოს-ანჟელესში“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი არის უკონტროლო ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს იდეალურ ადგილს საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფებისთვის“.