
თბილისი რუსულ მედიაში სააკაშვილის ფიზიკური განადგურების მოწოდებას აპროტესტებს
20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაშლილი ანტიქართული კამპანია, კერძოდ კი, ტელეკომპანია “НТВ“–ს ეთერით 18 თებერვალს გასულ გადაცემაში “რეალური პოლიტიკა“ გაჟღებული პირდაპირი მოწოდება საქართველოს პრეზიდენტის ფიზიკური განადგურების შესახებ.
“როდესაც სახელმწიფოს ლიდერის ფიზიკური განადგურების წაქეზება გახმოვანებულია უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის გლებ პავლოვსკის მიერ, ეს არ შეიძლება კვალიფიცირებული იყოს სხვაგვარად, თუ არა როგორც ტერორიზმის ელემენტების გამოყენება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
თბილისი სახიფათოდ მიიჩნევს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ფიზიკური ანგარიშსწორების მეთოდებით გადაწყვეტას, რასაც “პროპაგანდას უწევს გლეგ პავლოვსკი” და “საერთაშორისო თანამეგობრობის დაუყოვნებელ, მკაცრ რეაქციას მოითხოვს”.
ამ მიზნით საქართველოს საკანონდებლო ორგანოში მეგობარი პარლამენტებისადმი სპეციალური მიმართვა მზადდება, სადაც დაგმობილია, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, “ღია მოწოდება, განხორციელდეს ტერაქტი საქართველოს პრეზიდენტზე“.