ახალი ამბები

ბურჯანაძე მოსკოვში შსკ–ს “ფორმალურ თუ არაფორმალურ“ შეხვედრას აპროტესტებს

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააპროტესტა მოსკოვში ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების ქართული მხარის გარეშე “ფორმალური თუ არაფორმალური“ შეხვედრა და “მეგობრებისაგან კატეგორიულად“ მოითხოვა რეაგირების გარეშე არ დარჩეს ეს ფაქტი.


“შსკ–ში არ არსებობს არანაირი ოთხი მხარე. იქ არსებობს ორი მხარე: რუსული და ქართული. ერთი მხარე მოსკოვში  – რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების სახით – ამ წუთში შეკრებილია მოსკოვში, მეორე მხარე,  ქართული მხარე კი არ არის შსკ–ს მუშაობაში მონაწილე“, – განაცხადა 20 თებერვალს ნინო ბურჯანაძემ.


მისი თქმით, შსკ–ს ქართული მხარის თანათავმჯდომარემ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ ოფიციალური შეთავაზება შსკ–ს სხდომის მოსკოვში ჩატარების თაობაზე 17 თებერვალს მიიღო, “თუმცა [შსკ–ს გამართვის] ვადა და რიცხვი მითითებული არ ყოფილა“.


რუსულმა მხარემ მოსკოვში შსკ–ს სხდომის გამართვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც უარი თქვა ვენაში 20–21 თებერვალს დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობაზე. ქართული მხარე კი დღეს შსკ–ს სხდომის თბილისში ან ცხინვალში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შსკ–ს თანათავმჯდომარეები  დღეს შეიკრიბნენ მოსკოვში ქართული მხარის  გარეშე.


“კიდევ ერთი დასტური სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველა ჩვენი არგუმენტი და პრეტენზია არის სრულიად სამართლიანი. მე კატეგორიულად ვთხოვ ჩვენს მეგობრებს რეაგირების გარეშე არ დარჩეს ეს ფაქტი“, – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ.

Back to top button