skip to content
ახალი ამბები

შსკ–ს თანათავმჯდომარეები ქართული მხარის გარეშე მოსკოვში შეიკრიბნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  მოსკოვში შეკრებილმა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეებმა რუსული, ჩრდილოეთ ოსური და სამხრეთ ოსური მხარეებიდან გამოიჩინეს “კეთილი ნება“ და ქართულ მხარეს რიგგარეშე როტაციის განხორციელების უფლება მისცეს.


“ქართულმა მხარემ, არსებული დებულებების დარღვევით, განახორციელა ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში თავისი სამშვიდობო ბატალიონის დაუგეგმავი როტაცია. ამ ფაქტის გამო, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ ცხინვალის მოდამოებში ქართველი სამხედროების გადაადგილების ბლოკირება მოახდინა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ტრანსკავკასიური მაგისტრალის რიგი მარშრუტები გადაკეტა. არსებული ვითარების ფონზე, ამჯერად მოსკოვში შეკრებილმა შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებმა რუსეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან შესაძლებლად მიიჩნიეს კეთილი ნება გამოეხატათ და თანხმობა მიეცათ ქართული კონტინგენტის რიგგარეშე როტაციის ჩატარებაზე”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.  


ქართულმა მხარემ უარი განაცხადა მოსკოვში დაგეგმილ შსკ-ს შეხვედრაში მონაწილეობაზე, მას შემდეგ რაც რუსეთმა არ მიიღო წინადადება 20-21 თებერვალს მოლაპარაკებების ვენაში გამართვის თაობაზე. ამის სანაცვლოდ მან თბილისს ცხინვალის რეგიონთან “ახლოს ყოფნის“ მოტივით შსკ-ს სხდომის მოსკოვში ჩატარება შესთავაზა. თუმცა, ამის საპასუხოდ ქართულმა მხარემ სხდომის თბილისში ან ცხინვალში ჩატარება შესთავაზა.  


 

Back to top button