ახალი ამბები

უკრაინა მზად არის სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ფორმატში სამშვიდობოები გამოაგზავნოს

უკრაინა მზად არის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში თავისი სამშვიდობოები გამოაგზავნოს, თუ გაერო და ეუთო სამშვიდობო ოპერაციას უხელმძღვანელებენ, იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 თებერვალს.


“უკრაინა მზად არის სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის საკითხი განიხილოს მხოლოდ გაეროს ან ეუთოს მანდატით და უკრაინის ვერხოვნა რადას [პარლამენტის] მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტების მოგვარებას მშვიდობიანი გზით.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის ეს განცხადება თბილისისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც უკრაინა საქართველოს პარტნიორია.


“ამ მომენტში ჩვენი მიზანია შევქმნათ შესაბამისი მანდატი [სამშვიდობო ოპერაციის] და განვსაზღვროთ, თუ რომელი ეგიდით – გაეროს ან ეუთოს – იმუშავებს ის“, – განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.   

Back to top button