
ნოღაიდელი: საქართველო ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო პოლიციის შენაერთები, რომლებიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არიან განლაგებულნი, შერეული სამშვიდობო ძალების ქართულ ბატალიონს შეუერთდებიან. შედეგად, ქართული მხარე თავის სამშვიდობო ბატალიონს 330 სამხედრომდე გაზრდის, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
შერეულ სამშვიდობო ძალებში რუსული, ქართული და ოსური სამშვიდობო ბატალიონები შედის. თითოეულ მხარეს აქვს უფლება იყოლიოს 500 სამხედრო კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში. კონფლიქტის ზონაში განლაგებული დანარჩენი შეიარაღებული ჯგუფები უკანონოა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დემილიტარიზაციის პროცესის ნაწილია.
მისი თქმით, 19 თებერვლიდან ქართული მხარე ასევე დაიწყებს სამშვიდობო ბატალიონის როტაციას. “ჩვენ გავუგზავნით შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობას ამ სამხედროთა სიას და შევათანხმებთ მას სარდლობასთან 20 თებერვალს“, – განაცხადა ნოღაიდელმა, თუმცა დასძინა, რომ ქართული მხარე გაზაფხულიდან თავის სამშვიდობოების როტაციას სამ თვეში ერთხელ განახორციელებს.
მისი თქმით, ქართული მხარე ასევე დაიწყებს სამხედრო სიმაგრეების გაუქმებას კონფლიქტის ზონაში, როგორც კი თოვლი დაიწყებს დნობას. ნოღაიდელის თქმით, ეს არის ქართული მხარის “ცალმხრივი ქმედებების ნაწილი, რომელიც კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას ისახავს მიზნად“.
მან მოუწოდა სამხრეთ ოსეთის მხარეს ანალოგიური ნაბიჯები გადადგას რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადებები სამხრეთ ოსეთის საკითხზე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საბჭოში ასევე შედიან სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები.